ბაბუის ნაკვალევზე

ოჯახს და სამშობლოს მოწყვეტილი ადამიანის ტრაგიკული ისტორია

სამი შვილი მამას ე. წ. ჯავშანი ჰქონდა. მაინც წავიდა სამამულო ომში. მოხალისედ… სამშობლოს სიყვარულმა გადააწყვეტინა. ომში ტყვედ ჩავარდა. ომის დამთავრების შემდეგ როგორც ბევრი მისი ტყვედნამყოფი თანამებრძოლი, ისიც დააყენეს არჩევანის წინაშე: ან უნდა დარჩენილიყო უცხო ქვეყანაში, ან გაციმბირება ელოდა. პირველი არჩია იმ იმედით, რომ საბჭოთა წყობა შეიცვლებოდა და სამშობლოში დაბრუნდებოდა. ჯერ სტალინის რეჟიმმა შეუშალა ამაში ხელი, შემდეგ კი – ომის ჭრილობებმა გაუხსენა. მოღალატედ შერაცხულმა ცხოვრების დარჩენილი წლები უცხოეთში გაატარა. «იქ მინდა მოვკვდე, ვიმარხო, იქ არის ჩემი მამული». ეს იყო მისი ოცნება. სამწუხაროდ, უცხო მიწაში დაიმარხა.

ბაბუაჩემი, დიმიტრი ქიმერიძე, 1942 წელს ჩაება ომში. 34 წლისამ სახლში ცოლი და სამი შვილი დატოვა. იმედი ჰქონდა, რომ ომის დამთავრების შემდეგ ოჯახს დაუბრუნდებოდა. სად და რა ვითარებაში ჩავარდა ტყვედ, ჩვენთვის უცნობია. ომის დამთავრებიდან 2 წელი ავსტრიაში, გრაცში განაგრძო სწავლა საინჟინრო ფაკულტეტზე. უცნობია, როგორ მოხვდა საფრანგეთში ან რატომ მაინცდამინც სოშოში. პეჟოს ქარხანაში დაიწყო მუშაობა. როგორც შემდგომში შევიტყვეთ, იქ თურმე 300-მდე ქართველი ცხოვრობდა და მუშაობდა.

ბაბუის ნაკვალევზე; დიმიტრი ქიმერიძე

როგორც ზემოთ აღვნიშნე, მუდამ სამშობლოში დაბრუნების იმედით ცოცხლობდა. მანამდე კი ლექსებში აქსოვდა თავის განცდებს. სამშობლოსთან განშორების ტკივილს ლექსებში ახშობდა. ჩემი ერთადერთი განძი ჩემი კალამიაო, წერდა. წერილებს სულ ვღებულობდით საფრანგეთიდან. არ ეზარებოდა ნათესავებისთვის წერა. არც ლექსების მიძღვნა თითოეული მათგანისთვის. არასოდეს დაუწუწუნია, რომ ცხოვრებამ დაჩაგრა და ბედმა უცხოეთში გადაისროლა. დეტალებისგან კი თავს იკავებდა, მხოლოდ მწირ ცნობებს იძლეოდა. ვიცოდით, რომ შემოქმედებით საქმიანობას ეწეოდა, რომ ლექსებს გამოსცემდა და სტატიებს აქვეყნებდა იქაურ ქართულ ჟურნალ-გაზეთებში.

25 წელი იმუშავა პეჟოს ქარხანაში. რადგან პენსიონერობის ასაკში მეტი დრო ჰქონდა, განაგრძობდა აქტიურ შემოქმედებით საქმიანობას. სულ გამოცემული აქვს 3 კრებული თავისი ლექსებისა.

ბაბუა ჩვენი ოჯახისა და, საერთოდ, მთელი ჩვენი ნათესაობის ტკივილი იყო. ყველა განიცდიდა მისი უცხოეთში ყოფნის და სამშობლოში არდაბრუნების ტრაგედიას. რადგან არც ერთ მათგანს არ შეუძლია მისი საფლავის და იმ ადგილების მონახულება, სადაც ის ემიგრაციაში ცხოვრობდა, ეს მისია მე ვიკისრე. მოგეხსენებათ, გერმანია და საფრანგეთი მეზობელი ქვეყნებია და გერმანიიდან გამგზავრება დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. ამიტომაც გადავწყვიტეთ მე და ჩემმა მეუღლემ, თომას ბერშაიდმა, საფრანგეთის გზას დავდგომოდით იმ იმედით, რომ წინაპრის საფლავსაც მივაგნებდით და მისი ცხოვრების დეტალებსაც შევიტყობდით.

წარსულის ნაკვალევზე: გამგზავრება საფრანგეთში

ბაბუა 20 წლის წინ გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შესახებ შეგვატყობინა უახლოესმა მეგობარმა, გრიგოლ ქვარცხავამ. მისი წერილებიდან ვიცოდით, რომ დიმიტრი დაკრძალულია მონბელიარის ქართველთა ძმათა სასაფლაოზე. საფრანგეთში ჩასვლის მეორე დღესვე გავუდექით მონბელიარის გზას. დიდი დრო არ დაგვჭირვებია ქართველთა გვარების აღმოსაჩენად. 23 ქართველი ერთ დიდ საფლავშია მოთავსებული. «საქართველოსთვის თავდადებულთა ხსოვნას». პირველად ეს სიტყვები მომხვდა თვალში. ერთი სულის მოთქმით წავიკითხე იქ ამოტვიფრული გვარები. აი ისიც. დიმიტრი ქიმერიძე. სუნთქვა შემეკვრა. საოცარი გრძნობა დამეუფლა. სიხარულისა და, ამავდროულად სევდის ცრემლები ვერ შევიკავე. ანდა როგორ შეიკავებ, როცა იცი, რომ მოხვედი უახლოესი წინაპრის საფლავზე, რომელსაც საქართველოზე ოცნებაში აღმოხდა სული. წინასწარ მომზადებული სიტყვების თქმაც ვერ მოვახერხე. მხოლოდ ისღა წავილუღლუღე, რომ 20 წლის შემდეგ ეღირსა მის შთამომავალს მის საფლავზე ფეხის დადგმა.

რამდენიმე წლის წინ მშობლიური ქალაქის, ხაშურის მიწა ვაკურთხებინე დიმიტრის სახელზე. მთელ საერთო საფლავს მოვაბნიე ქართული მიწა, ქართული წმინდა სანთლები დავანთე და თავი დავხარე წინაპართა საფლავების წინაშე.

ბაბუაჩემის კვალდაკვალ: საცხოვრებელი სახლის ძიებაში

საქართველოდან წერილები მქონდა წამოღებული, რომელიც ბაბუამ მოიწერა წლების მანძილზე. იმედი მქონდა, რომ რაღაც ინფორმაციას მოვიპოვებდი, რაც დამეხმარებოდა კვალის ძებნაში. დიდი ვერაფერი აღმოვაჩინე. დეტალებს არ წერდა. ეშინოდა, თავის ოჯახს ამით საფრთხე არ შექმნოდა. ერთ ბარათზე მისამართი იყო მოცემული: Rue de Champs 19. ამიტომ გადავწყვიტეთ, იმ მისამართზე მივსულიყავით. აი ისიც. დიდი სახლია. ნუთუ ესაა? შეუძლებელია! ამხელა სახლში მარტო როგორ იცხოვრებდა? მას ხომ იქ ოჯახი არ ჰყავდა. არადა, ეს მისამართი უნდა იყოს. გაორებულები დავბრუნდით უკან.

რამდენიმე დღეღა იყო დარჩენილი ჩვენი შვებულების დამთავრებამდე. ისე როგორ უნდა წავიდეთ აქედან, რომ ქართველთა სათვისტომოს კვალი ვერ ვიპოვოთ? ერთადერთი, რაც ვიცოდით, რომ სოშო-მონბელიარის ქართველთა სათვისტომო არსებობდა. დიმიტრი ქიმერიძე მისი მდივანი ყოფილა. ამის შესახებ შევიტყვე, როცა გურამ შარაძის მიერ დაარსებულ ემიგრაციის მუზეუმში ჩემდა მოულოდნელად აღმოვაჩინე კარლო ინასარიძის ინტერვიუ, რომელიც მას დიმიტრისთვის ჩამოურთმევია. ეს ინტერვიუ რადიო «თავისუფლებაში» გადაცემულა. იქ ეწერა, რომ ბაბუას თავისი ხელით მოურთავს სათვისტომოს ოთახი, სადაც ეკიდა რუსთაველის, თამარ მეფის, ერეკლე მეორის, რა თქმა უნდა, ნოე ჟორდანიასა და ასევე სხვათა სურათები. აქ ასევე საუბარია ქართველთა ხშირ შეხვედრებზე, 26 მაისის დღესასწაულებზე, სადაც თურმე სიტყვით გამოდიოდნენ. დიმიტრი კი თავის ლექსებს კითხულობდა.

ქართული სათვისტომოს მისამართი მიგნებულია!

სად გინდა იპოვო ქართველთა სათვისტომო? მიუხედავად იმისა, რომ სოშო ერთი ციცქნა ქალაქია, მაინც გაჭირდა. ინტერნეტმა «გვიღალატა». ჩვენი ერთადერთი იმედი ტელეფონის წიგნი და ქართული გვარები იყო. იმედის ნაპერწკალი. ჩემთვის ერთადერთი ნაცნობი გვარი: ქვარცხავა. სხვა ქართულ გვარებსაც მივაგენით. მოვსინჯეთ ქვარცხავას ტელეფონის ნომერზე. ქალის ხმამ მიპასუხა. ჩემი ფრანგული შემოიფარგლება მხოლოდ მწირი ლექსიკით. ამიტომ ყურმილი მეუღლეს გადავაწოდე. ამ მადლიანმა ქალბატონმა გვაცნობა, რომ სათვისტომო დღესაც არსებობს და მოგვცა მისი თავმჯდომარის, ქრისტიან ჭირაქაძის ტელეფონის ნომერი. აქაც ვცადეთ ბედი. ისევ მოვსინჯე ქართულად საუბარი. ამაოდ. არც მან იცოდა ქართული. თომასმა შეძლებისდაგვარად გააგებინა ჩვენი დარეკვის მიზეზი. ჩვენდა გასაოცრად, მან გვითხრა, რომ დიმიტრის არქივი მასთან ინახებოდა და მეორე დილითვე დაგვითქვა დრო.

იმ საღამოს მთელი ჩვენი ფიქრები არქივს დასტრიალებდა. ნუთუ მართლა დიმიტრის არქივზეა ლაპარაკი? შეცდომას ხომ არა აქვს ადგილი? ნუთუ შესაძლებელია, რომ 20 წლის გარდაცვალების შემდეგ კიდევ ინახებოდეს მისი პირადი ნივთები? ნეტავ რა ინახება იქ? ერთი-ორი სურათი? ან ლექსი? ნეტავ ასლების გადაღება არ შეგვეძლება? მთელი ღამე ვერ მოვისვენე.

არქივის აღმოჩენის სასწაული

მეორე დილით გავეშურეთ მითითებულ მისამართზე. მივადექით ჭირაქაძეების სახლს. დიასახლისმა შინ შეგვიპატიჟა და შემოსასვლელში დახვავებულ ქაღალდებზე მიგვითითა. ჩემი მზერა სურათზე შეჩერდა. ნაცნობი სახე. ეს ხომ ბაბუაჩემია? სიხარულისგან გული ამიჩქარდა. ნუთუ ეს ყველაფერი მისია? ლამის გული ამოვარდეს. აღარ ვიცი, ხელი რას შევავლო. ჯერ «სიბერისგან» გაყვითლებულ წერილებს შევეხე. საქართველოდან მოსული წერილები! პირველი, რაც ხელში მომხვდა, დედაჩემის ხელნაწერია. შემდეგი კი მამიდას მიერ მიწერილი წერილი, რომელშიც პირველი შვილიშვილის, ანუ ჩემი დაბადების ამბავს ატყობინებს. ბაბუას მთელი წერილები შეუნახავს! ეს ნივთები უდავოდ დიმიტრისია. ამაში ეჭვის საფუძველი აღარაა.

ბაბუის ნაკვალევზე; დიმიტრი ქიმერიძის ლექსების კრებული

ახლა ლექსებს წავეტანე. ღმერთო, რამდენია! რვეულების დასტა. 40 წელია ამ რვეულებში ჩატანებული: მთელი მისი ფიქრები, განცდები და ოცნებები. თითქმის ყველას სათაური აქვს: «ნაპერწკლები გულიდან», «დათალხული ხეივანი», «სამშობლოს», «ცრემლების კონა», «სიჭაბუკის ოცნებანი» და ა. შ. თითოეული მათგანი ლამაზადაა გაფორმებული.

დ. გარეთელი ვინღაა? ეს დიმიტრის ხელნაწერია. უთუოდ მისი ფსევდონიმია. ფსევდონიმიც ჰქონია! დოკუმენტების გარდა ყველაფერი ქართულ ენაზეა. ამიტომ თომასი იმას ათვალიერებს, რისი კითხვას შეუძლია. ლტოლვილის საბუთი. ქვეყანაში ყოფნის ვადა რამდენჯერმეა გაგრძელებული. ესე იგი, საფრანგეთის მოქალაქეობა არ მიუღია. ქართველად დარჩენილა!

ამ დროს ჩვენი მასპინძელიც მოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ ენა არ იცის, იერი მაინც აქვს ქართული. თომასი ცდილობს, საუბარი წარმართოს. «ოხ, რად არ იცის ქართული?», გული დამწყდა ჩვენს მასპინძელზე. რამდენ რამეს ვკითხავდი. დიმიტრის ვიცნობდიო. გამეხარდა. სამწუხაროდ, ბევრს ვერაფერს ვიტყვი, რადგან მაშინ ახალგაზრდა ვიყავიო. მაგრამ ის კი ვიცი, რომ ძალიან კარგი პიროვნება იყოო. გულს ამის გაგონებაც უხარია. იმედი გადამეწურა, რომ კიდევ მეტს გავიგებდი. და ბოლოს, საუბარი შეჩერდა ნომერ 19-ზე. ჩვენმა მასპინძელმა დაგვიდასტურა, რომ ბაბუა მართლაც იმ სახლში ცხოვრობდა სხვა ქართველებთან ერთად და სათვისტომოც იქ ჰქონიათ. მერე კი გაყიდულა და ქართველები მიმოფანტულან. ესე იგი, ეჭვგარეშეა, რომ დიმიტრი იმ სახლში ცხოვრობდა, რომლის წინაც ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვიდექით.

ბატონმა ქრისტიანმა მთლიანი არქივი გადმოგვილოცა. ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. აღმოვაჩინეთ იმაზე მეტი, რასაც ველოდით. მადლიერების გრძნობით ჩვენს მასპინძლებს დავემშვიდობეთ. ჩავთვალეთ, რომ საფრანგეთის მისია წარმატებით შევასრულეთ.

მიმოწერა ემიგრაციაში

ერთი სული მქონდა, როდის დავიწყებდი ამ წერილებისა და ლექსების კითხვას. პირველ რიგში ინტერესის სფეროს წარმოადგენდა არა საქართველოდან, არამედ დასავლეთიდან მიწერილი წერილები იმ მიზეზით, რომ ბაბუას ცხოვრების დეტალები გამეგო და აგრეთვე ის, ვისთან ჰქონდა კონტაქტი. მათი საშუალებით გავიგე, რომ მიმოწერა ჰქონია ემიგრაციის ისეთ კორიფეებთან, როგორებიც იყვნენ ვიქტორ ნოზაძე, კალისტრატე სალია, რევაზ გაბაშვილი, კარლო ინასარიძე, გრიგოლ ურატაძე, გივი კობახიძე. ერთ-ერთი წერილიდან ირკვევა, რომ გრიგოლ რობაქიძეს წაუკითხავს მისი ლექსები, ძალიან მოსწონებია და დიმიტრის გაცნობაც სდომებია. გაიცნეს თუ არა ერთმანეთი, ეს უკვე აღარ ჩანს.

სიხარულით და სევდით აღსავსე ცრემლებს ვერ ვიკავებდი. ვკითხულობდი და სიამაყით ვივსებოდი, რომ დიმიტრის როგორც პირადი, ისე შემოქმედებითი კონტაქტი ჰქონია ასეთ გამოჩენილ ადამიანებთან. როგორც ჩანს, სათვისტომოს სახელითაც აწარმოებდა მათთან მიმოწერას. ასევე თანამშრომლობდა ემიგრანტულ გაზეთებთან «კავკასიონი», «ბედი ქართლისა», «ივერია» და სხვა.

«ჩემო დიმიტრი, ძალიან კარგი და ნიჭიერი ლექსები გაქვს. ნაწერი თავისუფალი, ლამაზი და მარტივი ქართული ენით, გრძნობით, საქართველოს ისტორიის ცოდნით, შენარჩუნებული დიდი ილიას, აკაკის და სხვათა ენით. ენას, რომელსაც ვერც ერთი თანამედროვე და ნაწვალები, ვითომ ფუტურისტული ენა ვერ შეედრება. ნაწერი არის ლამაზი რითმით, ყველას თავისი ლამაზი რითმა აქვს: პირველი და მესამე ტაეპი, მეორე და მეოთხე არ არის ნაწვალები. ეტყობა ყველა ნაწარმოებს, რომ ერთი კალმის მოსმით არის დაწერილი. ეს არის ნამდვილი მგოსნის მუზა».

ელიზბარ მაყაშვილის წერილიდან, დათარიღებული 1968 წლით

ახლა საქართველოდან მოსულ წერილებსაც გადავხედე. ძირითადად ბებიას წერილებია. თითქმის ყველა მათგანში მეორდება ერთი და იგივე შეკითხვა: «როდის ჩამოხვალ?» და ვედრება: «ჩამოდი». ბებია ყოველთვის ელოდა მის დაბრუნებას. ისევე როგორც ოჯახის ყველა წევრი და ნათესავი. რა მტკივნეული უნდა ყოფილიყო დიმიტრისთვის ამ წერილების კითხვა. მათი წაკითხვა ხომ უცრემლოდ შეუძლებელია. ვეფლობი რა ამ გრძნობათა მორევში, ვცდილობ, ბაბუას ვნებათაღელვა გავიგო. ვინ იცის, რა ცეცხლი ტრიალებდა მის გულში. იქნებ თავს ადანაშაულებდა კიდეც იმის გამო, რომ ცოლი და სამი შვილი დატოვა, წავიდა სამშობლოს დასაცავად, რომელმაც შემდეგ მოღალატედ შერაცხა და უკან აღარ მიიღო. ამიტომაც იყო ალბათ, რომ მუდმივად ეკითხებოდა საკუთარ თავს:

«რამ გადმომაგდო,
რას ვეძებ ამ უცხო ქვეყანაშია?
ვინ ამიკრძალა სიცოცხლე
საკუთარ მთა და ბარშია».

ლექსიდან «ფიქრები უცხოეთში»

ცოლ-შვილს და ნათესაობას მოწყვეტილი უცხო მიწაზე ცხოვრებას და უსამშობლოობას ძალიან განიცდიდა. ამის არაჩვეულებრივი დასტურია მისი ლექსები, განსაკუთრებით კი «ლტოლვილი»:

«უბედური ვარ, უიღბლო, ქვეყნად ლტოლვილი,
ძალით ცოდვილი, დაწიხლული და ჩაქოლილი,
არა მაქვს ძილი, არც დედა მყავს, აღარც ცოლ-შვილი,
ცრემლებ დაღვრილი, ცხოვრებისგან ნაკიცხ-აღგვილი».

ლექსიდან «ლტოლვილი»

ემიგრაციის საგანძური: შთამბეჭდავი პოეზია

დიმიტრი ქიმერიძის პოეზიის დაუშრეტელი წყაროა სამშობლო. ის უმღერის მის წარსულ დიდებას, დაკარგულ აწმყოს, იმედიან მომავალს, მის უდიდეს შვილებს: შოთას, ილიას, აკაკის, ვაჟას, გალაკტიონს, ტიციანს, მიხეილ ჯავახიშვილს და სხვებს.

დიმიტრის პირველი კრებულის «ნაპერწკლები გულიდან» წინასიტყვაობაში პეტრე სარჯველაძემ დაწერა შემდეგი:

«თითქმის შემოქმედების ყველა ნაყოფში სამშობლოს ბედსა თუ უბედობაზე, მის ტრაგიკულ მოვლენათა მძაფრი ფეთქვაა, რაც მკითხველის გულს აღელვებს, ატოკებს და აფიქრებს… ჩვენი პოეტი არ ჩემულობს ნოვატორობას, არც იტაცებს პოეზია პოეზიისათვის, არამედ პოეზია სამშობლოს სამსახურში. მისი ლექსთა წყობის განლაგება ენათესავება კლასიკურ პოეზიას. იგი სადაა და ხალხური მშობლიური წმინდა გრძნობისა და მისი სიყვარულის ასამაღლებლად და სადიდებლად».

დამძიმებული გულით დავამთავრე წერილების კითხვა. 40-მდე რვეულში და თაბახის ფურცლებზე მოთავსებული ლექსების დამუშავებას კი დიდხანს მოვუნდები. მათი გამოცემა კი ჩვენი შემდეგი მისიაა…

2008 წლის თებერვალში დიმიტრი ქიმერიძეს 100 წელი შეუსრულდებოდა…

ირმა ქიმერიძე

2007 წლის ოქტომბერი