ავტორი თომას ბერშაიდი
საირმისკენ მიმავალ მთებში გზა იკარგება. ჩემს მარჯვნივ ხეობა მოჩანს, დაბლა კი მწვანე ხეებს შორის ვერცხლისფრად ლივლივებს ნაკადული. ვზივარ მძღოლის გვერდით იმ მანქანაში, რომელიც 6 წელი ვატარე გერმანიაში, შემდეგ კი ჩემს ქვისლს გადავულოცე. ჩემს მხარეს ფანჯარა ნახევრად ღიაა. ზაფხულის მიწურულს თბილი ჰაერი სახეზე მელამუნება და თმებს მიწეწავს.
2009 წლის სექტემბერია. შეიძლებოდა ნებისმიერი წელი ყოფილიყო, რადგან მე სხვა პიროვნების ამპლუაში ვარ: ეს არის იანი, ოცდაათიოდე წლის ახალგაზრდა კაცი, რომელიც ქიმიურ კონცერნში მუშაობს და პროფესიულ კრიზისს განიცდის. ის ეძებს თავის ბაბუას, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან ცოტა ხნის შემდეგ ოჯახი დატოვა.
საქმე ეხება რომანისთვის მასალის მოძიებას, რომლის დაწერასაც მომავალში ვაპირებ. ეს არის ისტორია ორი ადამიანისა, რომელთა ოჯახებიც ომმა ერთმანეთს დააშორა. მათ მიზნად დაისახეს თავიანთი ოჯახების ფესვების პოვნა. ეს ის ისტორიაა, რომელიც ნაწილობრივ ჩემი მეუღლის ოჯახის წარსულში იღებს სათავეს. ის უკანა სავარძელზე ზის, ისევე როგორც მუსიკოსი სოფიო, რომანის მთავარი გმირი ქალი.
ადგილს, საითაც მივემართებით, უკვე ვიცნობ. ეს არის საირმე, ბალნეოლოგიური კურორტი კარგი ჰაერითა და სამკურნალო წყლით, მდებარეობს მთებში, საქართველოს დასავლეთ ნაწილში. საბჭოთა კავშირის პერიოდში აქ კომუნისტური პარტიის ფუნქციონერები მკურნალობდნენ. პირველ რიგში, აქაური წყალი კუჭის სამკურნალოდ არის კარგი.
სულ სხვაა ჩემი გამოცდილება ამ სამკურნალო წყალთან დაკავშირებით. ეს იყო 7 წლის წინ. საღამო ხანს გაჭირვებით მივიწევდით გაუმართავ გზაზე. ერთმანეთის მიყოლებით გვხვდებოდა ღრმულები. ვცდილობდით, მათთვის გვერდი აგვევლო. როცა ზემოთ ავედით, დღის სინათლე ოდნავღა კმაროდა სურათის გადასაღებად: სოციალისტური რეალიზმის ამსახველი დიდი მოზაიკა. წყაროს წყლის გამდინარე ადგილის მოწითალო ფერი იუწყებოდა, რომ წყალი შეიცავს დიდი რაოდენობით მინერალს. მე რამდენიმე ყლუპი მოვსვი…
ღამით რამდენჯერმე ავდექი და ფანჯრიდან შევყურებდი სავსე მთვარეს, რომელიც ჩემი ქვისლის სახლის ეზოს დაჰნათოდა. ვცდილობდი, კუჭის ტკივილს გავმკლავებოდი. იმ ღამემ უძილოდ ჩაიარა.
როგორც ჩანს, უძილო ღამეები სხვებსაც აწუხებდათ. ეს არის ისტორია, რომელიც ჩემი რომანის წერის მიზეზი გახდა. ისევე როგორც ჩემი რომანის გმირი იანი დადის საქართველოს გზებზე გერმანულად თუ ქართულად მოსაუბრე პირებთან ერთად თავისი ფესვების საპოვნელად, ახლა მეც ასევე მოვიარე საქართველოს კუთხეები ერთი ისტორიის კვალის მისაგნებად. სწორედ ამ ისტორიას მივყავარ საირმეში.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სტალინმა ათასობით გერმანელი სამხედრო ტყვე წაასხა საბჭოთა კავშირში. ბევრისთვის ცნობილია ისტორიები იმ ტყვეებისა, რომლებიც ვარკუტაში ნახშირის მაღაროებში ეწეოდნენ კატორღულ სამუშაოებს. სამხედრო ტყვეები გაანაწილეს შედარებით რბილ კლიმატურ ზონებში. ერთ-ერთი მათგანი იყო საქართველო. თბილისში მათ ააგეს ხიდები, ასევე ხიდი მდინარე ენგურზე, რომელიც აფხაზეთს აერთებს დანარჩენ საქართველოსთან; ისინი აგებდნენ ჰესებს, რაბებს და გზას, საირმისკენ მიმავალს.
ბევრი მათგანი შეეწირა ამ მშენებლობებს. საირმის შესასვლელთან მდებარეობს სასაფლაო გერმანელ სამხედრო ტყვეთა, რომელნიც ამ გზას აგებდნენ. ის 1995 წელს იქნა ფერდობზე გაშენებული. აქ 50-მდე გერმანელმა სამხედრო ტყვემ ჰპოვა სამუდამო განსასვენებელი. თითოეულისთვის აღმართულია ქვის პატარა სვეტი, სასაფლაოს შუაში კი – ჯვარი, რომლის ზემოთა ნაწილი ღიად არის დარჩენილი.
ამ სამხედრო ტყვეების შესახებ წავიკითხე სტატია. როგორც ამბობენ, ეს ტყვეები გზასთან დაუმარხავთ. ამ ადგილზე პანსიონატი უნდა აგებულიყო თურმე. იქ მყოფ დამსვენებლებს უძილობა არ ასვენებდათო. 1994 წელს გადაუწყვეტიათ ამ პანსიონატის დანგრევა და იქ, ასე ეწერა სტატიაში, მართლაც უნახავთ ძვლები და თავის ქალები იმ ადგილზე, სადაც პანსიონატი ყოფილა აგებული. შემდგომში კი მათთვის სასაფლაო აუშენებიათ. მხოლოდ ამ ამბის შემდეგ მოუპოვებიათ დამსვენებლებს მოსვენება. გარდა ამისა, როგორც ამბობენ, მას მერე აღარც სასიკვდილო ავარიები ყოფილა იმ გზაზე.
ნეტავ თუ მართალია ეს ისტორია? ამ თემის შესახებ ახლახანს ვესაუბრეთ ბაღდათში მცხოვრებ შუახნის ქალბატონს, თამარს. მართალია, მას პირადად არ უნახავს საირმეში ტყვეები, მაგრამ უფროსი თაობის გადმოცემიდან ზოგი რამ გაუგია გზის მშენებლობის შესახებ.
სამხედრო ტყვეთა ბანაკი ყოფილა იქ, სადაც კოტეჯები მდგარა, გვიყვება ჩვენი რესპონტენტი. იმ დროს საირმეში ძალიან ცოტა ოჯახს უცხოვრია. მათ არ ჰქონიათ ტყვეებთან კონტაქტის უფლება, თუმცა ისინი ამას რაღაცნაირად მაინც ახერხებდნენ. ეს, რა თქმა უნდა, არ იყო იოლი, მაგრამ ისინი ჰუმანურები ყოფილან ტყვეების მიმართაც კი. რაც შეეხება ოფიცრებსა და ზედამხედველებს, ისინი დიდ სიმკაცრეს იჩენდნენ თურმე.
ქალბატონმა თამარმა გვიამბო ერთი პატარა ბიჭის შესახებ. მას ერთი ტყვე ამოუჩემებია და სახლში საჭმელს იპარავდა თურმე, რომ მისთვის მიეტანა და ყოველთვის ერთ განსაკუთრებულ ადგილზე დებდა, საიდანაც ტყვეს მისი აღება შეეძლო. ბიჭის მამას გაუგია და ბავშვისთვის აუკრძალავს საჭმლის მიტანა, რადგან, მოგეხსენებათ, მაშინ ყველას ეშინოდა. ბიჭს ტირილი დაუწყია და ამის შემდეგ დედა ეხმარებოდა თურმე მას. თავისი დიდსულოვნებით ბიჭს ტყვესთვის სიცოცხლე შეუნარჩუნებია.
ვუახლოვდებით სასაფლაოს. განვლილ შვიდ წელს თავიანთი კვალი დაუტოვებია. საირმეში ამავალი გზა ამჟამად უკვე ასფალტირებულია. ჯვარი ზემოთა ნაწილში ჩამოტეხილია. რამდენიმე ქვის სვეტიც დანგრეულია. საფლავებთან ამავალი კიბის საფეხურებიც ჩამომტვრეულია. საფლავებზე ბალახია ამოსული.
შვიდი წლის წინ უძილო ღამემ რამდენიმე დღით მადა გამიქრო. მიპატიჟებული ვიყავი ქართულ წვეულებაზე. ჩემს წინ იდო ქათმის ბაჟე, მოხარშული ხბოს თუ შემწვარი ღორის ხორცი, ლობიო, ხაჭაპური, საკუთარი წარმოების ყველი, მჭადი, მოკლედ, ტრადიციული ქართული კერძები. მე კი, ცარიელი პურის გარდა არაფრის ჭამა შემეძლო.
სხვანაირი ყოფა ჰქონდათ გერმანელებს, რომლებიც 60 წლის წინ იმყოფებოდნენ აქ. ასეთი სუფრა მათთვის სამოთხის ტოლფასი იქნებოდა. ისინი ბევრს მუშაობდნენ, მძიმე სამუშაოებს ასრულებდნენ და მხოლოდ მცირე საკვებს ღებულობდნენ: ორ ლიტრ სუპს, 670 გრამ პურს და ცოტა თევზს. მათ არ შეეძლოთ იმ კალორიების მომატება, რასაც კატორღული სამუშაოების შესრულებისას ხარჯავდნენ. ბევრი გარდაიცვალა შიმშილის, საკვების სიმწირის ან უძლურების შედეგად.
ჩვენი რესპონდენტი გვიამბობს, რომ ტყვეები ხანდახან შემოდგომაზე წიფელას ხეებს ბერტყავდნენ და წიწიბოს ჭამდნენ თურმე. ამით კი შიმშილის გრძნობას იკლავდნენო.
წარსულიდან ისევ აწმყოში ვბრუნდები. საირმიდან დაბლა ვეშვებით. რაც 2002 აქ ყოფნისას დამამახსოვრდა, ახლა მნიშვნელოვნად შეცვლილიყო. როგორც ჩანს, რამდენიმე სცენა ხელახლა უნდა გადავამუშავო. მოგვწყურდა. გზაზე შევჩერდით ცივ კამკამა წყაროსთან.
წყაროს გვერდით ვიღაცას ქვაში სახეები გამოუკვეთია. ხეობის პირას მოხუცი კაცი დგას. იქვე პატარა დახლი დაუდგამს და საკუთარი წარმოების თაფლსა და არაყს სთავაზობს გამვლელთ. ის არაყს მთავაზობს. მე პატარა ჭიქით ვსვამ. ის 1934 წელს დაბადებულა, ისევე როგორც მამაჩემი. ქვისგან სახეების გამოქანდაკების იდეა და ეს ნამუშევრები მას ეკუთვნის. რამდენიმე ხის სკამი ჩაუდგამს, რომ ამვლელ-ჩამომვლელმა შეისვენოს ხეთა ჩრდილში. მოხუცი მეკითხება ჩემი წარმოშობის შესახებ. მე ვპასუხობ, რა საქმეზე ვარ აქ ამოსული. ის მოგონებებში ეშვება და იწყებს თხრობას.
ბავშვობაში მას გერმანელი სამხედრო ტყვეები დაუნახავს, როცა ისინი სამუშაოდ მიემართებოდნენ. «საწყლები, ყველას ეცოდებოდა ისინი, მიუხედავად იმისა, რა საშინელებაც ჩაიდინეს მეორე მსოფლიო ომში. თუმცა კი, ისინიც ხომ მსხვერპლნი იყვნენ. ბევრი მათგანი დაიხოცა. მხოლოდ ასამდე ტყვე დაბრუნებულა გერმანიაში».
მასაც ვეკითხები სანატორიუმის შესახებ. ეს ისტორია მასაც გაუგია. მაგრამ ამბობს, რომ ეს სანატორიუმი არ არსებულა.
იგივე მოგვითხრო ქალბატონმა თამარმაც. სასაფლაო გვიან გაუშენებიათ მას შემდეგ, რაც სანატორიუმის საძირკველში ძვლები უპოვიათ. ის ძვლები დაბლა ჩამოუტანიათ და სასაფლაოც აუგიათ ტყვეთა საპატივცემულოდ.
ამ ყველაფრისგან შეიძლებოდა კარგი ისტორია გამოსულიყო, ლეგენდა, რომელშიც სიმართლის ბირთვი დევს. საირმიდან დაბლა მიმავალ გზაზე ისევ ჩემს რომანში ვიძირები და იანსა და ბაბუამისზე ვფიქრობ.